სახალხო დამცველი პოეტ ზვიად რატიანის საქმეს სწავლობს. როგორს ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ომბუდსმენის წარმომადგენელმა რატიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა და გარდა ამისა, უკვე გამოთხოვილია საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაცია.
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამ საქმეში საწყის ეტაპზევე ჩართული ყოფილიყო პროკურატურა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ამ შემთხვევას, როგორც ცალკე იზოლირებულ შემთხვევას, ვფიქრობ, რომ საწყის ეტაპზევე უნდა ყოფილიყო ჩართული პროკურატურა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესის მაქსიმალური გამჭირვალობა, ობიექტურობა. ასეთი ფაქტების სიმრავლე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში აუცილებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების რეფორმირება,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რატიანი საპოლიციო კონტროლის დროს დააკავეს. მან 10 საათზე მეტი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში, რისი დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. დღეს ნაცემი პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ზვიად რატიანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მან დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მისვლა ვეღარ მოახერხა, რის გამოც სხდომაც გადაიდო.