20 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ეს არის პუტინის დავალების პირდაპირი შესრულება - მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

„ამ მდაბიო ოლიგარქმა გადაწყვიტა ჩემი გასამართლება იმ ბრალდებით, რომლითაც არცერთი პრეზიდენტი, არასოდეს მსოფლიოს უახლეს ისტორიაში არ გაუსამართლებიათ, შეწყალების შეუზღუდავი უფლების,“ - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირებიc იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს მმართველი გუნდის წევრები არასწორ ინტერპრეტაციას ანიჭებენ.

„ეს არ არის გირგვლიანის საქმე, როგორც ქოცური პროპაგანდა ასაღებს, იმიტომ, რომ ივანიშვილს ქართველი ხალხი აბსოლუტურ სულელებად მიაჩნია. ეს არის საქმე ყოფილი სამხედროების შეწყალების, 133 სამხედროს შეწყალების, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე რუსეთ-საქართველოს ომიდან მოკლე ხანში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მისი შეწყალების უფლების გამოყენების გამო გასამართლება საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.

„ეს არის ის ხალხი, ის ხელისუფლება, ვინც შეიწყალა საერთაშორისო ტერორისტები, რუსი ჯაშუშები, ძალიან საშიში მკვლელები, ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გამსაღებლები, რომლებიც კლავდნენ, ასევე, თავის მხრივ, ჩვენს ახალგაზრდობას და ეს ხელისუფლება მასამართლებს მე შეწყალებაზე?" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ოლიგარქის მოსაშორებლად უნდა მოემზადოს, რაშიც მისი თქმით, თავადაც დიდ წვლილს შეიტანს.

„ჯერ ერთი, ყველა, ვინც ამ უკანონობაში იღებს მონაწილეობას და იღებდა წინა წლებში, ნუღარ მოვუჩლიქავთ ენას, სიმართლე ვთქვათ, ეს კონკრეტული შემსრულებლები ძალიან მალე მოვა დრო და კონკრეტულად აგებენ პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით, მართლაც, სამართლიანად. მეორე, ქართველი ხალხი უნდა მოემზადოს, ამ ოლიგარქიული ჭირის მოსაშორებლად. ეს კაცი არის საქართველოს დიდი უბედურება. მისი მეშვეობით ჩვენ გვანგრევს ჩვენი მტერი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის დავალების შესრულებას ემსახურებოდა.

„ის, რაც დღეს მოხდა თბილისში, ეს არის პუტინის დავალების პირდაპირი შესრულება, სამი ქვეყნის ოლიგარქების და ნამუსზე ხელის აღებული ადგილობრივი მათი შემსრულებლების მიერ. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მათ მოსაშორებლად, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ განსაკუთრებული მობილიზაცია მათ მოსაშორებლად. მე ამაში ჩავერთვები ძალიან აქტიურად, მე, რა თქმა უნდა, არ მივატოვებ ქართველ ხალხს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის შეშინებული, დამფრთხალი, პატარა გნომის შურისძიება ჩემს წინააღმდეგ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსახლეობას გაერთიანებისკენ და ოლიგარქებთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

„ვერანაირი მათ განაჩენები ჩვენ ვერ შეგვაკავებს, როგორც არასდროს მაქვს გადაწყვეტილი ამ ბრძოლის გამარჯვებამდე მიყვანა და თქვენი დიდი იმედი მაქვს. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დროა, ხელები დავიკაპიწოთ, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, რომელიც მალე დადგება, როცა ყველა ერთად დავირაზმებით და დავახვევინებთ ოლიგარქს და მის პატრონებს და მის მონებს სახელმწიფო დაწესებულებიდან და ჩვენი ცხოვრებიდან,“ - აცხადებს სააკაშვილი.

დღის ამბები