18 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
კულტუროლოგები ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობაში ხანძრის გაჩენის საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ

თბილისის ცენტრში, ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზებს გამოძიება სწავლობს. თუმცა, გამოძიების დასრულებამდე, კულტუროლოგები ცეცხლის გაჩენის საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ. კერძოდ, შენობა ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ აუქციონზე გაიტანა და ის "ასტორია თბილისმა" იყიდა.

ინვესტორს მერიამ ერთხელ შენობის დემონტაჟზე უარი უთხრა, რის შემდეგაც მოულოდნელად სასწავლებლის ყოფილ შენობაში გუშინ ხანძარი გაჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ბუნდოვანი პირობებითა და ვალდებულებებით გაყიდა ობიექტი.

სამოქალაქო სექტორი ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არასდროს ჰქონია. თუმცა, ის სარეკომენდაციო სიაში იყო შეყვანილი, იმისთვის, რომ შენობას ასეთი სტატუსი მინიჭებოდა.

„შენობას არ აქვს ძეგლის სტატუსი, მიუხედავად ამისა, მისი ფასეულობა დადასტურებულია. შეტანილია განაცხადი მერიის არქიტექტურის სამსახურში ამ შენობის დემონტაჟზე, რომელზეც ამ ეტაპზე უარი უთხრა არქიტექტურის სამსახურმა. თუმცა, მეპატრონეს ხელთ უჭირავს კერძო ექსპერტის მიერ შემუშავებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტი ამბობს, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება და მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ამ ვითარებაში გაჩნდა ხანძარი. ეს რაღაც ლოგიკური ჯაჭვის, ასე ვთქვათ აგების საშუალებას გვაძლევს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვარაუდია,“ - განაცხადა კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა.

ჭონქაძის 21 ნომერში მდებარე თოიძის სახელობის ყოფილ სამხატვრო სასწავლებლის შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. ხანძარს 40-ზე მეტი მეხანძე-მაშველი აქრობდა. 

დღის ამბები