ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა სამინისტროს მხრიდან ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეფერხდა, არ ადასტურებს.
ამის შესახებ განცხადება პაციენტის ოჯახის ადვოკატმა გააკეთა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსგან იმ კლინიკებთან მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასაჯაროება მოითხოვა, რომელთანაც უწყება კონტაქტობს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კილინკების შერჩევის პროცესი გრძელდება.
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკის მოძიება საზღვარგარეთ. თავდაპირველად, ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, თუმცა პაციენტის ოჯახი აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდა,”-ნათქვამია კანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება პაციენტის ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ უწყება იტყუება, რადგან მას ხელთ აქვს დოკუმენტი , სადაც აღნიშნულია, რომ კონკრეტული სამკურნალო დაწესებულება გერმანიაში მზად არის პაციენტის მისაღებად.
„კონკრეტულად ვითხოვ, ჩემი შვილი გადაყვანილი იქნას გერმანიაში. იმიტომ, რომ ამ ოთხი დღის განმავლობაში როცა არ შეიძლება ჩემი შვილისთვის ერთი წუთის დაკარგვაც მე ეს ოთხი დღე მალოდინეს. ვითომ გერმანიამ უარი თქვა, ავსტრია დათანხმდა , მერე ვითომ ავსტრიამაც უარი თქვა. ესე იგი აღმოჩნდა, რომ გერმანიას უარი არ უთქვია. ვერაფრით ვერ ვუკავშირდები ჯანდაცვის სამინისტროს. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულებაც არ შეიძლება იმიტომ, რომ ზეწოლის ქვეშ არიან უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან , უშიშროების სამსახურის მხრიდან. იმათ რამდენადაც მე ვფიქრობ ამ ბავშვის გამოჯანმრთელება არა სურთ. იმიტომ , რომ სადღაც ნახეს თურქეთში რაღაც დაბალი დონის კლინიკა, უნდათ რომ მანდ გადაგზავნონ,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.