„ხუმრობით, ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ პატარა ცირკები ელოდებათ,“ – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, ანა დოლიძის დანიშვნას. ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს დანიშნა.
ვანო ზარდიაშვილს საბჭოს მუშაობის დროს ანა დოლიძის აპოლიტიკურობაში ეჭვი ეპარება.
„გულწრფელად ვისურვებდი, რომ ანა დოლიძემ გამიჯნოს პოლიტიკა და მართლმსაჯულება ერთმანეთისგან, მაგრამ ამაში ნამდვილად ეჭვი მეპარება ერთი მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ, მას ვერ გაურჩევია, რომ სააკაშვილი თავის 9-წლიან მმართველობაში იყო ჭანჭიკი და მარგველაშვილი თავის 5-წლიან მმართველობაში დევგმირია, მას, რეალურად, ასე ჰგონია. შესაბამისად, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამოვა მართლმსაჯულების ინტერესიდან და სასამართლო ხელისუფლების ინტერესიდან და მგონია, რომ ის შეიტანს პოლიტიკას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,“ - განაცხადა ზარდიაშვილმა.