„რჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილის პიარში, საქართველოს პროკურატურა პრეზიდენტ პოროშენკოს ეჯიბრება,“ - ასე ეხმაურება დავით უსუფაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება კონტროლს ექვემდებარება.
"შენების მოძრაობის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე, სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმეს არაკვალიფიციურს უწოდებს.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილის პიარში, საქართველოს პროკურატურა პრეზიდენტ პოროშენკოს ეჯიბრება, იმდენად არა კვალიფიციურია მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე. კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას, აქ პროკურატურას ქირურგის ლანცეტი უნდა ეჭიროს ხელში და ამის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ ნაჯახით გამოძიებული და სასამართლომდე მიტანილი საქმე. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი შეიძლება გასამართლდეს შეწყალების პროცესში ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ იმ დანაშაულისთვის, რაც შეწყალების პროცესში ჩაიდინა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული მართლმსაჯულების წინააღმდეგ და ამისთვის არსებობს სპეციალური მუხლი, ანუ მან რაღაც გარიგებით, ბრალდებულებთან შეთანხმებით მოახერხა ის, რომ ნამდვილ დამნაშავეებს ხელი დააფარა. მაგრამ ამას სააკაშვილი მარტო ვერ გააკეთებდა ამის ჩასადენად მას სჭირდებოდა დანაშაულებრივი კავშირი რამდენიმე პროკურორთან, რამდენიმე მოსამართლესთან, უშიშროების წარმომადგენლებთან და სხვებთან,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან.