არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის დანიშვნას პოზიტიურად აფასებენ. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დღეს დაამტკიცა.
მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ანა დოლიძის საბჭოს წევრად დანიშვნა, გარკვეულწილად, საზოგადოების ნდობას გაზრდის და არ გამორიცხავენ, რომ საბჭო უფრო მეტად გამჭვირვალე გახდება.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ ანა დოლიძეს აქვს საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომ იმუშაოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
„მგონია, რომ ანას შესვლით, რეალურად, იუსტიციის საბჭოს ეძლევა მართლა კარგი საშუალება, ასევე, რომ უფრო მეტი ნდობა მოიპოვოს საზოგადოებაში,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეულის თქმით, იუსტიციის საბჭო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.
„დღეს საბჭოს ბევრი გამოწვევა აქვს საკადრო პოლიტიკის მიმართულებით, ასევე, სისტემური რეფორმები მართლმსაჯულების სექტორში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ექნება ინდივიდუალური წევრების დამოკიდებულებას ამ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ მისი გამოცდილება, მისი პრინციპულობა გვაფიქრებინებს, რომ იქნება ღია, მათ შორის, პროფესიულ ჯგუფებთან, სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის დროს,“ - განაცხადა ვერძეულმა.
ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ მჭედლიშვილს ცვლის.