საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ შეწყალებაზე პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება კონტროლს ექვემდებარება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ეხმაურება.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის გასამართლება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემა იქნება.
მშვენიერაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციის გავლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებს, იგი მოიგებს.
„ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ ამ საკითხით დაინტერესებული პირი, როდესაც ინტერნეტში ძებნას დაიწყებს, სად მომხდარა მსგავსი რამ, საქართველოს გარდა სხვა სახელმწიფოს ვერ იპოვის. ესეთი უპრეცედენტო განმარტება შეწყალების პრეროგატივის შინაარსის, სხვაგან ალბათ არ შეგხვდებათ. მეორე მხრივ, ეს მოგვიტანს იმას, რომ დიდი ალბათობით, თუკი ექსპრეზიდენტი წავა ევროსასამართლოში ქვეყნის შიდა ინსტანციების ამოწურვის შემდგომ, ამ საქმეზე მიიღებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია, პრეზიდენტს მსჯავრდებულების შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას ანიჭებს.
„საქართველოს კონსტიტუცია ამბობს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს მსჯავრდებულს. ის არ ამბობს იმას, რომ ამ დროს პრეზიდენტმა გარკვეული მოთხოვნები თუნდაც კანონით დადგენილი მოთხოვნები უნდა დაიცვას. საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს ამ უფლებამოსილების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას. ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და კონსტიტუციონალიზმის გადმოსახედიდან, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი სასამართლოს მხრიდან გარკვეულწილად კონტროლი პრეზიდენტის ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში არის ფუნდამენტალურად არასწორი,“ - აცხადებს გიორგი გოცირიძე.