სნოს ცენტრში ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივი მოსახლეობა ქსანი-სტეფანწმინდის 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი მშენებლობისთვის სხვა ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევას ითხოვენ.
სნოს მოსახლეობა აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მათი საცხოვრებელ სახლების მიმდებარე ტერიტორიებს, ეზოს გაივლის და ისინი საკუთარი მიწის ნაკვეთების გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.
„ეს ხაზები კვეთს ჩვენი საცხოვრებელი სახლების ეზოს. აბსოლუტურად ითვისებს საცხოვრებელი სახლების ეზოს, სადაც კანონმდებლობით გვეკრძალება შემდგომი განვითარება, ბუფერულ ზონაში აკრძალულია შენობის დადგმა,“ - განაცხადა სნოს მკვიდრმა, კესო ხარათიშვილმა.
სნოს მოსახლება ასევე ამბობს, რომ 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
„ლეიკემიას აჩენს, ისინი გვეუბნებიან, რომ არაფერს აჩენსო, მაგრამ გაიკითხონ 500 კილოვოლტიანი რა სიმძლავრისაა და რა ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე,“ - განაცხადა სნოს მცხოვრებმა, მინდია ღუდუშაურმა.
მოსახლეობას მშენებლობის შეჩერება უნდოდა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივების თქმით, ის ტერიტორია, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს, არის უკანონოდ მითვისებული და საგამოძიებო უწყებაში საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს.
მოსახლეობის ბრალდებებს მშენებელ კომპანიაში უპასუხეს. კომპანია ”ენერგოტრანსის” ტექნიკურმა დირექტორმა, ჯემალ ახალაიამ „კურიერთან“ განაცხადა, რომ მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს.