კახა კალაძე მუხიანში რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. სპორტული ბაზის მშენებლობაზე, რომელიც 2016 წლის მაისში გაიხსნა, შვიდ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. კახა კალაძის განცხადებით, სპორტული კომპლექსი მძიმე მდგომარეობაშია და თავიდან საჭიროებს რეაბილიტაციას.
დედაქალაქის მერმა შესაბამის უწყებებს პრობლემის მოგვარება და საკითხით დღესვე დაინტერესება დაავალა.
„7 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებაში და ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ არ უნდა გააკეთო. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე სარეაბილიტაციოა თავიდან. გასახდელებში, კორიდორებში, ერთი სავარჯიშო მოედანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ კომპანიას, ვინც განახორციელა ეს სამუშაოები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კომპანიას, რომელმაც პროექტი განახორციელა, აქვს ვალდებულება 3 წლის განმავლობაში გამოასწოროს ნებისმიერი ხარვეზი.