თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი პროკურატურას საქმის მასალების გადაცემას სთხოვს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი აკვირდება საქმეს.
„ვიძლევი პირობას რომ მაქსიმალურს ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებ იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს სპეცოპერაციის დროს და ასევე, აღმოეჩინა თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება და გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ამ ახალგაზრდის სიცოცხლე,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.