გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები, გათიშული ელექტროენერგია და გადადებული რეისები - ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მარტო თბილისის მასშტაბით 330-მდე გამოძახება შევიდა.
ქარმა ვაზიანში რამდენიმე კორპუსს სახურავი გადახადა, რის გამოც შენობასთან მდგარი ავტომობილი დაზიანდა. ამ დრომდე მოსახელობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
განსაკუთრებით ძლიერი ქარი იყო დიდ დიღომში. აქ სტიქიამ რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანდა მშენებარე სახლის ფასადი. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საბურთალოს რაიონში რამდენიმე სახლსაც. ბახტრიონის ქუჩის 39 ნომერში აივნის გადახურვამ რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა.
მთელი ღამის განმავლობაში თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიაც არ მიეწოდებოდა. უამინდობა გახდა საერთაშორისო აეროპორტში ფრენების გადადების მიზეზიც. თბილისიდან მიუნხენისა და თურქეთის მიმართულებით ვერ შესრულდა ორი რეისი.
თბილისის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უახლოეს პერიოდში დაანგარიშდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარი დღის ბოლოს შესუსტდება.
ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, ნატა კვირჩილაძე.