20 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
ანალიტიკოსები პანკისის სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ

უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ანალიტიკოსები პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, ჩატარებულმა სპეცოპერაციამ და კონკრეტულად, აჰმედ ჩატაევის ისტორიამ ქვეყანა განსაკუთრებით დააზარალა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვას პანკისში სერიოზული გართულება მოჰყვა.

„ხელისუფლება ამ შემთხვევაში, იქცევა აბსოლუტურად კატასტროფულად, შეიძლება, ითქვას. მე სპეცსამსახურები მხედველობაში არ მყავს, მხედვლეობაში მყავს პოლიტიკური ელიტა. დღესაც კი, პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომიდან გამოუცხადა, სიყვარულზე ესაუბრა, ისევ პანკისის მოსახლეობას,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი პრემიერმინისტრს პანკისის ხეობაში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„ის არის ქვეყნის პრემიერმინისტრი, ფორმალურად მაინც და ფორმალურად მაინც ის იქ უნდა ჩასულიყო ან უახლოეს დღეებში მაინც უნდა ჩავიდეს, რომ ეს ძალიან სახიფათო პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს ბზარის გაჩენასთან დაკავშირებით, რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში შეეცადოს, რომ ჩააქროს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე მთავრობას აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება პრობლემებზე ყურადღების გამახვილების გამო არ უნდა გააკრიტიკოს.

„დღეს აშკარაა, რომ რამდენადაც გამართლებული არ უნდა ყოფილიყო ამის ოპერატიული საჭიროება ასეთი ოპერაციის, სტრატეგიულად ძალიან ცუდ შედეგამდე მივდივართ და ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში დღეს დაკრძალეს. 

დღის ამბები