20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს, დღეს გახდება ცნობილი

მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. გიორგი მარგველაშვილს 10 დღიანი ვადა დღეს ეწურება.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს ან ვეტო დაადოს და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნოს.

ოპოზიცია პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„წარმოუდგენელია, რომ დღეს პრეზიდენტმა არ გამოიყენოს ვეტოს უფლება. ვინაიდან, ეს კანონი ძალიან ლახავს კერძო ტელეკომპანიების ინტერესებს, ის ხელს უშლის საქართველოში თავისუფალი სიტყვის განვითარებას და ამავე დროს, ეს კანონი ცუდია თვით საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

კანონის ამოქმედების შემთხვევაში, კორუფციისა და პროტექციონიზმის ზრდის რისკებზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.

„ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ერთის მხრივ ახალისებს კორუფციას, ასევე პროტექციონიზმს და ხდება უფრო უკონტროლო და გარდა ამისა, ზღუდავს თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარს,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, მის დასაძლევად მზად არის საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე, განსახილველად შეიკრიბება.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მთავარია გავეცნოთ იმ საკითხებს, რას წარმოადგენს პრეზიდენტი. იქნება ეს მოტივირებული, არ იქნება ეს მოტივირებული. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ ჩვენ გათვალისწინება არ გათვალისწინების საკითხს,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება - სხვა ცვლილებებთან ერთად, მის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

დღის ამბები