საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიაში გაემგზავრა. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან და სეიმის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოებს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტთან, ლატვიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან.
„პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში, მოხდება სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ლატვიის პარლამენტთან. ეს იქნება კიდევ ერთი მყარი ჩარჩო იმისთვის, რომ ურთიერთობები იყოს ძალიან სტაბილური, მუდმივი და ეფექტიანი,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.