პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადებები "რუსთავი 2"-ის ეთერში და პოლიტიკოსების შეფასებები. გიორგი მარგველაშვილის მიერ, გადაცემა "არჩევანში" გაკეთებული განცხადებები, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კვლავ პრეზიდენტზე შეტევის და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება.
მმართველი გუნდის ნაწილი, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებში, ახალი საარჩევნო კამპანიის დასაწყისს ხედავს. საუბარია, მიხეილ სააკაშვილის გასამართლებაზე ე.წ. პიჯაკების საქმის გამო.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანმა ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი მარგველაშვილს მიმართა, თუკი ის გარკვეულ უხერხულობას გრძნობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მას შეუძლია, რომ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს არც კი შეხვდეს.
„მე ამ შემთხვევაში არ ვეთანხმები მის ამ ლოგიკას. თუ მას ერიდება ვიღაცეებთან ურთიერთობა, არავინ არ აიძულებს ამ ვიზიტებს,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” წევრმა ზვიად ძიძიგურმა.
„პროკურატურა არ არის ერთადერთი უწყება, რომლის სიტყვაც არის კანონი სასამართლოსთვის. სასამართლო ხელმძღვანელობს კანონით და იმის მიხედვით ღებულობს გადაწყვეტილებას. პროკურატურა არ არის სასამართლოს უფროსი. თუ ბატონი პრეზიდენტი ამას ვერ ამჩნევს, ეს არის მისი თემა. მე არ შემიძლია აქ რაიმე ტიპის დუსკუსიაში შევიდე, იმიტომ რომ ან ხედავ ან ვერ ხედავ. მე ვფიქრობ, რომ შედარება ჩვენი სასამართლო სისტემის, სააკაშვილის დროინდელ სასამართლო სისტემასთან, არის ძალიან არაობიექტური,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მარგველაშვილის განცხადებებს ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი დავით ჭიჭინაძე.
„პრინციპში კაცმა სწორე თქვა, რომ შეწყალების აქტი არის შეწყალების აქტი, კონკრეტულად შეიძლება გამოიყენო ნებისმიერი ადამიანის მიმართ,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.