სახალხო დამცველი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მიმდინარე საკითხებზე მოისმინა მათი აზრი. მსჯელობის ძირითადი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობასა და ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშის მომზადებას შეეხებოდა.
„აქცენტი გაკეთდა საპარლამენტო ანგარიშზე, რომელიც მარტის თვეში უნდა წარედგინოს საქართველოს პარლამენტს ახალი ფორმატით. პირველ რიგში, მე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოვისმინე ის შეკითხვები და ის თემები, რაც მათ აწუხებთ, რაც სურთ, რომ აისახოს საპარლამენტო ანგარიშში და სხვა სპეციალურ ანგარიშებში, რაზეც მათ სურთ, რომ სახალხო დამცველი უფრო აქტიური იყოს და თანამშრომლობდეს მათთან,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ყურადღება მიაქციოს.
„ერთის მხრივ, ცხადია უნდა შეიცვალოს კონკრეტული კანონმდებლობა, თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენ აქ ვსაუბრობთ პრაქტიკაზე, სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, ნეპოტიზმზე და უსამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მრავლად აქვს ადგილი სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.