18 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო იმ შეუსაბამობაზეც შეეცდება პასუხის გაცემას, რომელიც საქმეში არსებობს. დღეს სასამართლოს შესავალი სიტყვით დაცვის და ბრალდების მხარეები მიმართავენ.

ადვოკატების თქმით, კვლავაც უცნობია, ვინ არის კონფლიქტში მონაწილე ათზე მეტი პირი, რომლებსაც გამოძიება არა კონკრეტული სახელებით, არამედ "და სხვებით" მოიხსენიებს. ასევე, რატომ არსად ფიგურირებენ გარჩევისას დაჭრილი მოსწავლეები.

ადვოკატი, ეკატერინე მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება ობიექტურად არ არის ჩატარებული და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს გამოძიებასთან კითხვები აქვს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ არსებულ მტკიცებულებებში იმაზე ნაკლები დანაა წარმოდგენილი, ვიდრე შემთხვევის დროს იყო.

„ამიტომ არის ალტერნატიული ექსპერტიზა აღნიშნული დაცვის მხარის მიერ, რომ ყველა ამ კითხვას, რომელი კითხვებიც ჩვენ გვაქვს გამოძიებასთან, გაეცეს პასუხი,“ - აცხადებს ეკატერინე მაჭარაშვილი.

ეკატერინე მაჭარაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიება ხელს აფარებდეს კონკრეტულ პირებს.

ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ბრალდების დადგენილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის რეალობისგან შორსაა. ის ასევე, აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია.

„მიზეზი, რატომაც ჩვენ არ ვენდობით და მიგვაჩნია, რომ საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული, არის ის, რომ არ არის დადგენილი უამრავი ისეთი დეტალი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და განსაკუთრებით, დაცვის მხარეს. არ არის დადგენილი კონკრეტული პირების სახელი და გვარები, ვინც მონაწილეობდნენ ჩხუბში,“ - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ თავიდანვე გამოძიება არასწორ გზას დაადგა და წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია.

პროკურორი, ზვიად ფხაკაძე საქმეში ორი დანა ფიგურირებს და წარდგენილია სასამართლოში. ზვიად ფხაკაძის თქმით, სასამართლო პროცესების განმავლობაში ბრალდების მხარე შეძლებს იმის დადასტურებას, რომ მკვლელობები მხოლოდ ამ ორი დანით მოხდა.

„ბრალდების მხარე ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გარდაცვლილი დავით სარალიძის მიმართ ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, მკვლელობაში ბრალდება, არასრულწლოვნის მიმართ,“ - განაცხადა პროკურორმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები