საბედისწერო აფეთქება მშენებარე სარკინიგზო გვირაბში - თვითმხილველების თქმით, აფეთქების ხმა ადგილზე ორჯერ გაისმა. მუშები მხოლოდ პირველი აფეთქების შესახებ იყვნენ ინფორმირებულები, რის შემდეგაც გვირაბის ერთ მხარეს მომუშავე სპეციალისტები თავის სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ და თხრა განაგრძეს.
მალევე, გვირაბის მეორე მხრიდან აფეთქება განმეორდა და შედეგად სამი მუშა დაშავდა. ისინი მრავლობითი მოტეხილობებითა და თავის ქალის დაზიანებებით ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„პირველ აფეთქებაზე გაგვაფრთხილეს და მეორე აფეთქებაზე უკვე აღარავინ არაფერი არ თქვა, მივდიოდით ჩვენს სამუშაო ადგილზე, როცა აფეთქდა და მაშინ უკვე ყვირილს ხმა გავიგონეთ და გავიქეცით შემთხვევის ადგილისკენ და იყო დაზიანებული ხალხი,“ - განაცხადა ბაჩუკი ჭიქავამ.
მშენებლობაზე ერთ-ერთმა დასაქმებულმა, ვიტალი შუბითიძემ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომებზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მათ არაერთხელ აღნიშნეს, თუმცა უშედეგოდ.
„ოთხი დღის უკან აქ იყო გაფიცვა ხელფასებთან და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, მაშინაც ამას ვყვიროდით და ვღაღადებდით, რომ უსაფრთხოება არის ნულის ტოლი და აგერ შედეგი უკვე სახეზეა. რომელი ერთი ვთქვა, თუნდაც, კაბელები ყრია წყალში, ელექტოენერგიის კაბელები, რომელიც ყოვლად დაუშვებელია,“ - განაცხადა ვიტალი შუბითიძემ.