დავოსის რიგით 48-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. მასში საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მონაწილებს. მთავრობის მეთაური დღეს მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს გააცნობს.
გიორგი კვირიკაშვილი დღესვე სიტყვით გამოვა სტრატეგიულ დისკუსიაზე, რომელიც ფორუმის ფარგლებში, ევროპისა და აზიის რეგიონთან დაკავშირებით გაიმართება.
ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან. საქართველოს დელეგაცია ფორუმში უკვე მესამედ მონაწილებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის წარმოდგენილი ამ ფორუმზე მაღალ დონეზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ როგორც კომპანიებს, ასევე გავმართოთ პოლიტიკური შეხვედრები. მონაწილეობას მიიღებს პრემიერმინისტრი დისკუსიაში, რომელიც შეეხება ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის განვითარების პერსპექტივებს,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.