„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ევროსასამართლოდან ამორიცხული საჩივრების განხილვის მოთხოვნით სტრასბურგში ახალ საჩივარს აგზავნის. საუბარია 4 საქმეზე, რომელთა დაკავშირებითაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ გამოიძიებდა.
„საია“ აცხადებს, რომ საქმეები, სადაც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტები და ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა იკვეთებოდა, ამ დრომდე გამოუძიებელია.
„ყველა საქმე პრინციპულად უკავშირდება სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტებს. იმ პირობებში, როდესაც წინა ხელისუფლების დროსაც კი ჩადენილ ქმედებებზე ხელისუფლებას არ უწარმოებია ეფექტური გამოძიება, ცხადია, ძალიან დაბალია მოლოდინი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩადენილი მსგავსი ტიპის ან თუნდაც სხვა კატეგორიის დანაშაულებზე, რომელიც ასევე დაკავშირებული იქნება სამართალდამცავთა მხრიდან საქმიანობაზე, სახელმწიფო აწარმოებს ეფექტურ გამოძიებას,“- განაცხადა „საიას“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
მესამე სექტორის წარმომადგენლები საჩივრის პრეცედენტულობაზე საუბრობენ და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას მოითხოვენ.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ მომჩივანთა საქმეები აღდგეს ევროპული სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიაში, სასამართლომ ეს საქმეები განიხილოს არსებითად და სახელმწიფო ცნოს ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლების დამრღვევ სახელმწიფოდ“ - განაცხადა „საიას“ წარმომადგენელმა, ნინო ჯომარჯიძემ.