ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული რუსლან ალდამოვის სკანდალური განცხადების შემდეგ კომენტარს მისი ოჯახის წევრები აკეთებენ. რუსლან ალდამოვის დედა ამბობს, რომ მის შვილს კანონთან პრობლემა არასდროს ჰქონია.
დალი ალდამოვი სპეცოპერაციის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ 26 დეკემბრის ღამეს მათი საცხოვრებელის სახლის კარი სპეცრაზმმა შეანგრია, რის შემდეგაც რუსლან ალდამოვი სპეცრაზმმა დააკავა. დალი ალდამოვის თქმით, მის შვილს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ოჯახისთვის უცნობია რის საფუძველზე გააკეთა რუსლან ალდამოვმა განცხადება იმის შესახებ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა შეცდომით მოკლა. მათი თქმით, სპეცრაზმს დაკავებისას ალდამოვისთვის არაფერი არ უკითხავთ.
„ყველამ იცის, რომ ჩემი შვილი ტერორისტი არ არის და არც ყოფილა. 34 წლის განმავლობაში ერთი უკანონობა არ ჩაუდენია და თქვენ როგორ ფიქრობთ," - აცხადებს დალი ალდამოვი.
რაც შეეხება საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილ ახმედ ჩატაევთან კავშირს, დალი ალდამოვი აცხადებს, რომ მის შვილს ჩატაევის სახელი არასდროს უხსენებია.
"ჩვენს ოჯახში მაგის სახელის ხსენება არ ყოფილა,“ - განაცხადა რუსლან ალდამოვის დედამ დალი ალდამოვმა.
პარალელურად, დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე პირებისა და მათი ხელმძღვანელების დასჯას კიდევ ერთხელ მოითხოვენ ადგილობრივები. პანკისელები აქციის გამართვას გეგმავენ, უხუცესები კი სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.
რუსლან ალდამოვის მტკიცებით, სპეცრაზმმა მაჩალიკაშვილს შეცდომით, მის ნაცვლად ესროლა.
„მითხრა, რომ აქვს ეჭვი, გამიზნულად, არა გამიზნულად არ ვიცი, მაგრამ იყო დაგეგმილი მისი ლიკვიდაცია და მისი პიროვნება შეეშალათ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნებაში,“ - განაცხადა ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.