სააპელაციო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
"არ გამკვირვებია დღევანდელი გადაწყვეტილება. სასამართლო რომ დემოკრატიული ყოფილიყო, ჩემი მეუღლე დღეს თავისუფალი იქნებოდა. გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდეს. თუ ჩემი მეუღლის ექსტრადირება მოხდება, იძულებული გავხდებით თურქეთში წავიდეთ. აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, ამიტომაც მივმართეთ შესაბამის უწყებებს ლტოლვილის სტატუსისთვის," - განაცხადა ჩაბუქის მეუღლემ თაბუ ჩაბუქმა.
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლეთა კოლეგიას მტკიცებულებების სახით Human Rights Watch-ის ანგარიშიც წარუდგინეს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაბუქის საქმეს ეხმაურება.
ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიზირებულია. ბარათაშვილის თქმით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.
ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსი, ლევან ბარდაველიძე კი აცხადებდა, რომ ჩაბუქს თურქეთში არაადამიანური მოპყრობა არ ელის.
ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსი, ლევან ბარდაველიძე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოსგან მსგავს გადაწყვეტილებას ელოდნენ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება.