შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარ და გახსნილ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიას გააცნო. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გახსნილია რამდენიმე დანაშაული, მათ შორის, ქუთაისში 22 იანვარს "საქართველოს ბანკის" ფილიალში მომხდარი თავდასხმაც.
დღევანდელ ბრიფინგზე ყურადღება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარ დანაშაულებზე და იარაღის ამოღებაზე გამახვილდა.
„შსს ძალისხმევას არ იშურებს, რათა დროულად აღკვეთოს მძიმე დანაშაულები და მოახდინოს მათი პრევენცია. ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბოლო პერიოდში ამოღებულია დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც შესაძლებელია, დანაშაულის ჩადენის იარაღი გამხდარიყო,“ - განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ.