ოპოზიციური პარტიების „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნას ეხმაურებიან, რომელიც აუდიტის სამსახურში პრემიების გაცემას ეხება. ორგანიზაციამ გენერალური აუდიტორის მიერ მისი მოადგილეებისთვის გამოწერილი პრემიები დათვალა და გაირკვა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თანხამ ჯამში 37 ათას 500 ლარი შედგინა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ მოადგილეებისთვის პრემიების გამოწერა აუდიტის სამსახურის დისფუნქციურობაზე მეტყველებს.
„პირველ რიგში, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მოშლილია აუდიტის სამსახური, როგორც ასეთი, დისფუნქციურია. ვინაიდან, როდესაც ანგარიშვალდებულება არ გაქვთ საზოგადოების წინაშე, რომ მე არ უნდა ავიღო ამდენი პრემია და დანამატი იმიტომ, რომ მე ვარ ორგანო, რომელმაც უნდა ვაკონტროლო სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, რასაკვირველია, ეს არის საგანგაშო სიგნალი,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ აუდიტის სამსახურში მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, რადგან სწორედ ეს სტრუქტურა ამოწმებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, მაგრამ პრემიების გაცემა ამ შემთხვევაში ცუდი მაგალითია.
„როდესაც იგივე აუდიტის სამსახური შეამოწმებს ნებისმიერ სხვა დაწესებულებას, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაცია იმ რეკომენდაციებს, რომელსაც გასცემს, ექნება გაცილებით ნაკლები, როდესაც იგივე ეს უწყება ნახავს, რომ თავად აუდიტის სამსახური, ვთქვათ, ამ შემთხვევაში, არის პირდაპირ მხილებული მუდმივ რეჟიმში პრემიების და დანამატების გაცემაში,“ - განაცხადა ტუღუშმა.