07 მაისი 2024,   08:20
ვრცლად
გენდერული პრობლემა სასამართლო სისტემაში - იუსტიციის საბჭო ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივაზე იმსჯელებს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივაზე იმსჯელებენ. საქმე ეხება სასამართლო სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, 298 მოსამართლიდან 160 მოსამართლე ქალია, თუმცა სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ქალი მოსამართლეები არ ინიშნებიან, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

„გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, როგორიც არის თავმჯდომარის თანამდებობა, როგორც სასამართლოში, ასევე კოლეგიასა და პალატაში, ქალი მოსამართლეები წარმოდგენილები არ არიან. აუცილებელია, რომ საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და როდესაც ნიშნავს ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლეს, აუცილებლად გაითვალისწინოს გენდერული თანასწორობის პრინციპი და საკითხს მიუდგეს იმგვარად, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გენდერული თანასწორობის პრობლემაზე საუბრობს ანა დოლიძეც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად დანიშნული წევრი ამბობს, რომ პრობლემას თავმჯდომარეების მოსამართლეების მიერ არჩევა გადაწყვეტს.

„პრეზიდენტის ვეტოში ერთი წლის წინ, მე წარვადგინე პოზიცია, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები აერჩიათ თვითონ მოსამართლეებს. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული და დღეს სასამართლოს თავმჯდომარეებს და სხვა თანამდებობის პირებს ნიშნავს საბჭო. შედეგად, ჩვენ მიღებული გვაქვს ის რეალობა, რომ 28 სასამართლოს თავმჯდომარიდან მხოლოდ 4 არის ქალი. ეს არის მიუღებელი ვითარება ჩვენნაირი ქვეყნისთვის,“ - აცხადება ანა დოლიძე.

დღის ამბები