თბილისში კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი კინოსტუდიის შენობა იყიდება - აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული შენობა გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული და მის სტატუსს კანონმდებლობა იცავს. შენობას ამჟამად კერძო მესაკუთრე ჰყავს, რომელმაც ის წლების წინ სახელმწიფოსგან შეიძინა.
როგორ სპეციალისტები ამბობენ, ყოფილი კინოსტუდიის გაყიდვას თან ახლავს მთელი რიგი საფრთხეები, რომლის გათვალისწინების გარეშეც დედაქალაქი შესაძლოა, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გარეშე დარჩეს.
„აქ უკვე შემოდის სახელმწიფო თავისი ბერკეტებით, იმიტომ, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მას აქვს დამცავი რეჟიმი, ვიზუალური, ფიზიკური, მისი დანგრევა არ შეიძლება. აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ ეს ტენდენცია შემოვიდეს ჩვენთან, რომ მფლობელსა და სახელმწიფოს შორის ასეთი ტიპის ობიექტები ფორმდებოდეს ხელშეკრულებით,“ - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ ამაშუკელი.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის მფლობელი დღეს „თიბისი“ ფონდია. კომპანიის წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გაყიდვის შემთხვევაში, გაფორმდება მყიდველსა და ფონდს შორის ხელშეკრულება, სადაც დეტალურად გაიწერება ყველა პუნქტი. მათ შორის იქნება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება. შენობის ახალ მფლობელს შენობის დანგრევის და მისთვის იერსახის შეცვლის უფლება არ ექნება.