18 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
კომპანია „ყვარელრემმშენის" ხელმძღვანელმა გიორგი ჯოხარიძემ მეტროსადგურში ჭერის ჩამოვარდნის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა“ აწარმოა, რომლის დამფუძნებლებიც, ოპოზიციის მტკიცებით, მმართველი გუნდთან არიან დაკავშირებულები. თავად კომპანიის წარმომადგენლებს კი, ჯერჯერობით განმარტებები არ გაუკეთებიათ.

კომპანია „ყვარელრემმშენის" ხელმძღვანელის და დამფუძნებლის, გიორგი ჯოხარიძის მეუღლე, მირანდა ფირანიშვილი აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო და მეტრო „ვარკეთილთან“ თავისი ნებით მივიდა, მისთვის არავის არ დაურეკავს.

მირანდა ფირანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი ჯოხარიძეს ამ ეტაპზე ვერ უკავშირდება და არ იცის იმყოფება თუ არა ის საგამოძიებო ორგანოში ან დაუკავშირდნენ თუ არა მას თბილისის მერიიდან მეტროში ჭერის ჩამოვარდნის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "ყვარელრემმშენის" დამფუძნებელი, 3 თანამშრომელთან ერთად, 2 საათზე მეტია გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ. ეს სწორად ის კომპანიაა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი დილით ჩამოინგრა. დაშავდა 14 ადამიანი. სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა" 2017 წლის ზაფხულში განხორციელდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები