ოპოზიცია მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ითხოვს. ისინი დედაქალაქის მერს და რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს თბილისის საკრებულოში იბარებს. რა მიზეზით შეიძლება მომხდარიყო მეტროში ჭერის ჩამონგრევა, ინციდენტს დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები რიგგარეშე სხდომის დანიშვნის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, კომპანია „ყვარელრემმშენი“, რომელმაც მეტროსადგური „ვარკეთილი“ გაარემონტა, ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი, ხოლო მისი ამ სიიდან ამოღებას „ქართული ოცნებიდან“ ლობირებას უკავშირებს.
„უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ფრაქციულ ფორმატში კონკრეტული სამსახურის უფროსის ან უფროსების მოწვევა არ არის საკმარისი, ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოვა ყველა ის კომპეტენტური სამსახური, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულობაზე,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამას გარდა, კომპანიას სხვა სამუშაოებიც აქვს შესრულებული.
„ფაქტია, რომ ამ კომპანიას მისცეს ასევე, სხვადასხვა სამუშაოს განხორციელების უფლება, რამდენიმე მილიონი აქვს მიღებული სახელმწიფოსგან. ის არემონტებდა, როგორც სკოლებს, როგროც ბაღებს, ასევე, შსს-ს ცალკეულ კაზარმას და ცალკეულ ობიექტებს, შესაბამისად, ეს ბადებს კითხვის ნიშანს, ხომ არ იყო კორუფციასთან საქმე, ხომ არ იყო აქ კონკრეტული ადმიანების მიერ ამ კომპანიის ლობირებასთნ საქმე, ამაზე უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი,“ - განაცხადა ნადირაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, რატომ მოხდა შეკიდული ჭერის გაკეთება, ექსპერტების რეკომენდაციების საპირისპიროდ.
„რატომ ჩაიდო კონკრეტულად ხელშეკრულებაში, რომ ეს კონსტრუქცია გაკეთებულიყო, ახალი კონსტრუქცია, უკვე ძველ კონსტრუქციაზე,“ - განაცხადა გაბაშვილმა.
გუშინ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა, რომელიც კომპანია "ყვარელრემმშენმა" 2017 წლის ზაფხულში გაარემონტა. ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს ოპოზიციასთან შესახვედრად მზად არიან.
„თუკი ამის ოფიციალური მოთხოვნა იქნება, მე არ მგონია, რომ პრობლემა იყოს. ჩვენ ვართ მომხრე, რომ უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, თუკი ვინმეს ჰქონდა გადაცდომა სამუშაოების შესრულების პროცესში,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.