18 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
გარემოს დამცველები კუს ტბის ფერდობზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

გარემოს დამცველები კუს ტბის ფერდობზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. ტერიტორიაზე სამუშაოები "პარტიზანმა მებაღეებმა" შენიშნეს და მერიის ცხელ ხაზს შეატყობინეს.

„ძირითადად იმაზე გვაქვს აქცენტი, რომ ამ ზონაში და ამ ადგილას მშენებლობა არ შეიძლება,“ - აღნიშნა "პარტიზანი მებაღეების" წევრმა მარიამ ბაქრაძემ.

ზედამხედველობის სამსახურმა კი, სამუშაოები დროებით შეაჩერა.

„სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, შეჩერდება სანამ ჩვენ არ გამოვიკვლევთ ყველაფერს. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მშენებლობაზე, ზედამხედველობის სამსახურს აქვს უფლება შევიდეს, შეაჩეროს სამუშაოები, შეისწავლოს პროცესი, ასევე ის სანებართვო დოკუმენტაცია და მას შემდეგ გააგრძელოს,“ - განაცხადა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2015 წელს გასცა და ტერიტორიაზე ნარგავები არ ნადგურდება.

„ტერიტორიაზე ნარგავი, როგორც ასეთი არ ყოფილა. მოსაჭრელი არაფერი არ ყოფილა. ეს ტერიტორიის საზღვარზე მდგარი ხეებია, რომელიც თავისით წაიქცა,“ - აღნიშნა კომპანია ”არმლენდერ ასოშიეტსის” დირექტორმა თეიმურაზ მიქელაძემ.

დღის ამბები