28 აპრილი 2024,   15:35
ვრცლად
მესამე სექტორი თეა წულუკიანის წინააღმდეგ - იუსტიციის მინისტრს სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო სექტორი თეა წულუკიანის წინააღმდეგ - იუსტიციის მინისტრს სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. სამი ინსტანციის, მათ შორის, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეა წულუკიანს დაქვემდებარებული უწყების ბრძანება თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ უკანონოდ სცნო.

თუმცა, იუსტიციის მინისტრი, ძალაში შესულ განჩინებებს არ ემორჩილება.

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელის, ანა სუბელიანის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

„რქებით გვიწევდა ყოველდღიურად ბრძოლის რეჟიმში ყოფნა, რომ საქმეები ბოლომდე მიგვეყვანა და არ გაჩერებულიყო. ჩვენ ვიყავით არასასურველი თანამშრომლები, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით კონფორმისტები, არ ვუქნევდით თავს ყველა გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ანა სუბელიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ასევე ყოფილმა თანამშრომელმა, თამაზ ახობაძემ განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოებულ პროექტებს მხარდაჭერა არ ჰქონია, რადგან, ახობაძის თქმით, უწყებაში იყო განწყობა, თითქოს, წინა ხელისუფლების დროს დასაქმებულები იყვნენ.

„მოხდა ისე, რომ დასაქმდა „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი ჩვენთან კონკურსგარეშე, ამის შემდეგ იყო ის, რომ ყოფილი დირექტორი, ვინც იყო, ჩენი აზრით, უსამართლოდ გაათავისუფლეს. ამას ჩვენ, რადგან ვაპროტესტებდით, უკვე, ეს მათთვის, ქალბატონი მინისტრისთვის რაღაც მესიჯი იყო, რომ ჩვენ რატომღაც ამას იმიტომ კი არ ვაპროტესტებთ, რომ მივიჩნევთ უსამართლოა, ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძველი მთავრობის დროს დასაქმებულები და მათ საქმეს ვაკეთებთ,“ - განაცხადა ახობაძემ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას. სულხან სალაძე საშიშ ტენდენციაზე საუბრობს.

„ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანო ნებაყოფლობით არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის საშიში ტენდენცია და არის შეტყობინება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ თუკი ის უწყება, რომელიც პირდაპირ არის ვალდებული იცავდეს კანონს და პირველ რიგში, არის მოწოდებული, რომ სამართლიანობას უზრუნველყოფდეს ქვეყანაში, თუკი ეს უწყება ვერ უზრუნველყოფს და არ უზრუნველყოფს სამართლიანობას, ეს არის შეტყობინება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომ მათ შეუძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულონ,“ - აცხადებს სულხან სალაძე.

დღის ამბები