18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
საკანცელარიო დანა პურში - სახიფათო ნივთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ პროდუქტში

თბილისის მე-100 ბაღში დღეს დილით, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს. ბოლო პერიოდში სახელმწიფო ბაღებში კვებით უკმაყოფილო მშობლები, ფაქტის სასწრაფოდ შესწავლას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

პურში ნაპოვნი ბასრი დანის ამბავი ბაღის ადმინისტრაციამ მშობლებს დაუმალა. განსაკუთრებით აგრესიული იყო ბაღის დირექტორი, რომელმაც „კურიერს“ ბაღის ტერიტორიაზე გადაღების უფლება არ მისცა და არც კითხვას უპასუხა, როგორ აღმოჩნდა დანა პურში.

თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით, კომპანია "ნილი" ამარაგებს. პურპროდუქტები კომპანიის საცხობში ცხვება და შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაწილდება. "ნილის" დირექტორი ამტკიცებს, რომ სახეზეა დივერსია და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

„კურიერის“ კამერის წინ დღეს კახა გიორგაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, ერთი კვირის წინ სადისტრიბუციო მანქანიდან 27 ბაღის გასაღები მოიპარეს. "ნილის" ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ პურში ჩადებული დანაც საბავშვო ბაღში კონკურენტებმა შეიტანეს.

ბაღების გასაღებების მოპარვასთან დაკავშირებით, "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. დღეს, პურში ნაპოვნ დანაზე და დაკარგულ გასაღებებზე კომენტარი კახა გვანცელაძის უწყებაში არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები