18 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
გადაცდომები ფინანსურ დოკუმენტაციაში - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ყოფილ წევრს მოუსმენს 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს ყოფილ წევრს მოუსმენს. შეხვედრა უკვე მიმდინარეობს. ამ სხდომაზე როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი წევრები იმსჯელებენ სახელწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აუდიტორებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გარკვეული გადაცდომები აღმოაჩინეს.

საუბარია აუდიტის დასკვნაზე, საიდანაც გაირკვა, რომ ლელა გაფრინდაშვილი საბჭოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ 5 თვის განმავლობაში ხელფასს იღებდა.

ლელა გაფრინდაშვილმა თავად მიმართა ბორდს შეხვედრის თხოვნით, რომ გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც მის ანაზღაურებას ეხება. მისი თქმით, ეს თანხა მას იმ სამუშაოებისთვის ეკუთვნოდა, რაც მან გასწია საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის.

გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას შოთაძის უწყებიდან არავინ დაკავშირებია, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ის მზად არის უპასუხოს გამომძიებელთა კითხვებს.

„ბუღალტრული შეცდომა თუ იყო, ბუღალტერიამ უნდა გამოასწოროს, მე რა შუაში ვარ. მე შევასრულე სამუშაო, არსებობს ანგარიში გამოქვეყნებული უკვე, აბსოლუტურად დაკვირვებადია მთელი ეს პროცესი. მე მყავს უამრავი ადამიანი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მე ვმუშაობდი ამ საკითხზე, პირადი მიმოწერები არსებობს ამ ადამიანებთან, ასე რომ მე აბსოლუტურად თავი ქუდში მაქვს. ეს კვლევა ეხებოდა ერთ-ერთ მექანიზმს, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის და სამეურვეო საბჭოს მუშაობის გაუმჯობესებას,“ - აცხადებს ლელა გაფრინდაშვილი.

შეხვედრის დაწყების წინ განცხადებები გააკეთეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედმა წევრებმა. ქეთევან მსხილაძის თქმით, მას ლელა გაფრინდაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება.

„ეს იყო ერთი გაუგებრობა, ლელასა და საბჭოს ძველ წევრებს შორის და მეორე იყო ბუღალტრული შეცდომა. ბუღალტერს უბრალოდ გაეპარა და შეეშალა. ამ ვითარებაში გარკვევის შემდეგ, ეს არის ის დასკვნა, რაც მე მაქვს," - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.

დღის ამბები