პროკურორ მილენა მითაიშვილის ყოფილი ძიძის სახლში ამ წუთებში სამართალდამცავები იმყოფებიან. ნინო ბოჭორიშვილის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს. მილენა მითაიშვილსა და ნინო ბოჭორიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე რეპორტაჟი კვირას, გადაცემა პოსტ სკრიპტუმში გავიდა, სადაც ყოფილი ძიძა პროკურორს მუქარასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებდა.
ნინო ბოჭორიშვილის მსგავსად, პროკურორს იგივე სახის ბრალდებებს კიდევ ერთი ყოფილი ძიძა უყენებდა. ამავე რეპორტაჟში ყოფილი ძიძები ამტკიცებდნენ, რომ მათ პროკურორი მისი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდა, თითქოს ის მილენა მითაიშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა, რაზეც ორივე ძიძამ უარი განაცხადა.
ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, პროკურორთან დაპირისპირებული ერთ-ერთი ძიძის ნინო ბოჭორიშვილის სახლში სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.
როგორც ნინო ბოჭორიშვილის ადვოკატი აცხადებს, ჩხრეკა სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ გახმოვანებულ ბრალდებებს უკავშირდება. მისივე თქმით, სამართალდამცავები ეძებენ ისეთ ვიდეოს, რომელიც როგორც ნინო ბოჭორიშვილმა ადვოკატს უთხრა, ნანახიც კი არ აქვს.
„ეს არის ქმედება, რომელიც მიმართულია მისი დაშინებისკენ, ვინაიდან ნინო ბოჭორიშვილმა ამხილა პროკურორი ისეთ ქმედებებში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ვერაფერს იპოვიან და თვითონაც იციან, რომ არაფერი არ არის საძებარი. როგორც ნინო ბოჭორიშვილმა მე მითხრა ტელეფონით ამოიღეს ტექნიკა, ეძებენ ვიდეოს, რომელიც ნინო ბოჭორიშვილს მისივე განმარტებით, ნანახიც არ აქვს,“ - განაცხადა ადვოკატმა ნანა ბოლქვაძემ.
სავარაუდოდ პოლიცია ეძებს ვიდეო -მასალას, რომელშიც ფიგურირებს მილენა მითაიშვილი მეუღლესთან ერთად და რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მილენა მითაიშვილმა მიმართა.
სამართალდამცავები ამბობენ, რომ ჩხრეკა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ტარდება.