რუსთავი2-ის საქმის მოსამართლემ გასაუბრება გაიარა. ნათია გუჯაბიძე ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, ვისაც მოსამართლედ უვადოდ დანიშვნა სურს.
გასაუბრებიდან გამოსვლის შემდეგ ნათია გუჯაბიძემ განაცხადა, რომ მასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს კითხვები რუსთავი2-თან დაკავშირებით არ ჰქონიათ, თუმცა, განმარტებები ამ საკითხზე მაინც გააკეთა.
„რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვა არ დასმულა საბჭოს არც ერთი წევრის მხრიდან. მე მზად ვიყავი ასეთი შეკითხვებისთვის, თუკი იქნებოდა, მზად ვიყავი შესაბამისად პასუხებისთვისაც. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ საბჭოს რომელიმე წევრს ექნებოდა ჩემს მიმართ ანგარიშის მოთხოვნის არც უფლება და არც სურვილი. ნორმა, რომელსაც დაეფუძნა რუსთავი2-ის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში ჩვენს მიერ, ჩემი შემადგენლობის მიერ ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში იქნა გამოყენებული. ანუ, ეს შემთხვევა რუსთავი2-ის საქმე და მისი სამართლებრივი მოსაზრება და დასაბუთება არ ყოფილა ჩვენთვის პრაქტიკაში პირველი. დღესაც ვრჩები იმ აზრზე, რომ მივიღე სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩემი მსოფლმხედველობის, ჩემი გამოცდილების, ჩემი წარსული სამოსამართლო საქმიანობის გათვალისწინებით, მე არ შემეძლო ამ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა ნათია გუჯაბიძემ.
ამასთან, ნათია გუჯაბიძემ გასაუბრების დროს მედიას დაატოვებინა დარბაზი და დარჩენის საშუალება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცა.
გახდება თუ არა ნათია გუჯაბიძე მოსამართლე უვადოდ, ეს ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც უმაღლეს საბჭოში ჩაინიშნება კენჭისყრის სხდომა. საერთო ჯამში, 51 მოსამართლეა იმის მსურველი, რომ მოსამართლის მანტია მოირგოს.