პაატა ბურჭულაძე თბილისშია და საგამოძიებო უწყების შეკითხვებზე საპასუხოდ მზად არის. მსოფლიო ბანი და "იავნანას " დამფუძნებელი, ფონდის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას სასაცილოსა და აბსურდულს უწოდებს. პაატა ბურჭულაძეს, ფონდ "იავნანადან" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სავარაუდოდ, 9 თებერვალს სასამართლო წესით დაკითხავენ. პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესი წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, რომ შესაძლოა უკავშირდებოდეს მისი დამფუძნებლის პოლიტიკურ საქმიანობას არ გამორიცხავს არც პაატა ბურჭულაძის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილი აცხადებს იმასაც, რომ ამ დრომდე პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია იმ განცხადებაზე, რომელიც მან ბურჭულაძის ოჯახის სახელით საგამოძიებო უწყებაში შეიტანა.
„ჩვენ შევიტანეთ განცხადება. დღემდე არანაირი პასუხი არ არის. რამდენიმე დღეს კიდევ დაველოდებით და მერე განმეორებით მივმართავთ,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი პაატა ბურჭულაძის ოჯახზე სავარაუდო კიბერთავდასხმის გამოძიებას ითხოვს. დაუდგენელმა პირებმა ბურჭულაძის ოჯახის წევრების ელექტრონულ მოწყობილობაში შეაღწიეს და კონკრეტული ქმედებები განახორციელეს.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე დღის წინ შეიტანა.
პაატა ბურჭულაძის შვილი, ალექსანდრე ბურჭულაძე ამბობს, რომ მისგან დამოუკიდებლად, მისი მობილური ტელეფონიდან სხვადასხვა ოპერაცია შესრულდა.