დოდო გუგეშაშვილის მეზობელმა შესაძლოა სავარაუდო მკვლელი დაინახა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. თვითმხილველი ამბობს, რომ პირს, რომელიც მან დაინახა, ლურჯი ქურთუკი ეცვა და ხელში ლურჯი პარკი ეჭირა, რომელშიც თეთრი ფერის საგანი ედო. მისივე თქმით, მან ასევე გაიგო დოდო გუგეშაშვილის ყვირილი.
„ღმუილი მომიკლეს შვილი, ზევით ვინც ავიდნენ იმათ ნახეს მასრები. სახლში ვერ შევედით იმიტომ, რომ დოდო იყო მისახედი. დოდო კიბეებზე ფეხშიშველა გამოვიდა 13-დან 11-მდე და მოსდიოდა სისხლი. მერე ამ დოდოს რომ მივხედეთ, მერე ჩამორბოდა კიბეებზე კაცი. პარკი ეჭირა და იმ პარკში ედო თეთრი რაღაც,“-განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეზობელმა.
ამასთან, მეზობლები ამბობენ რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, თუმცა დოდო გუგეშაშვილის სახლიდან, ჩხუბის და დაპირისპირების ხმა ისმოდა. დიღმის მასივში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ დროს კორპუსში ელექტრო ენერგიაც გაითიშა.
თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე დღეს დილით მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია უტარდება, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.