18 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
კომპანია „ყვარელ რემ მშენის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დავით ტაბახმელაშვილის ბრალდებებს უარყოფს 

ამ წუთებში ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში კომპანია „ყვარელ რემ მშენის“ ხელმძღვანელების დაკითხვა გრძელდება. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მათგანის, გიორგი ჯოხარიძის დაკითხვა დასრულდა, თუმცა ის ამ დრომდე რჩება განყოფილებაში და დანარჩენების დაკითხვის დასრულებას ელოდება.  

რაც შეეხება ადვოკატს, პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას კითხვები ვარკეთილის მეტროში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ქონდა. უფლებადამცველი უარყოფს დავით ტაბახმელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ამბობს, რომ ეს მათთვის სიურპრიზი იყო.

ადვოკატის თქმით, ტაბახმელაშვილს ჭერის არამდგრადობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, კომპანიის არცერთი ხელმძღვანელობისთვის არ მიუწოდებია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრალდების კუთხით, რას იფიქრებს პროკურატურა და არა დავით ტაბახმელაშვილი. თუმცა, საინტერესოა ჩვენთვის მისი მოსაზრებებიც, იმიტომ რომ მსგავსი მშენებლობის დროს, რაც მე მაქვს ინფორმაცია, არაფერი განუცხადებია. მათთვის სიურპრიზი იყო ტაბახმელაშვილის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადება,“ - აცხადებს ადვოკატი პაატა მეხრიშვილი. 

ტაბახმელაშვილის მტკიცებით, მეტროსადგურ ”ვარკეთილის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დარღვევებით ჩატარდა, რის შესახებაც კომპანიის ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყო, თუმცა მათ ხარვეზების მოგვარების ნაცვლად, მათი დაფარვა მოითხოვეს.

დღის ამბები