რუსთავის #16 საჯარო სკოლაში კომპანია "რუსთავის წყლის" წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს. ასევე ადგილზე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. აღებული წყლის სინჯებს ლაბორატორიულად შეამოწმებენ. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ გახდა თუ არა 15 ბავშვის ერთდროულად ცუდად გახდომის მიზეზი სწორედ სასმელი წყალი, რომელზეც მშობლები მიუთითებენ.
"რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია ყოველდღიურად ამოწმებს სასმელი წყლის ხარისხს და ის შეესაბამება არსებულ სტანდარტებს.
„რაც შეეხება არსებულ სიტუაციას მხოლოდ და მხოლოდ ამ სკოლიდან დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი. ჩვენი ლაბორატორია იყო მოსული. აღებულია პირველადი სინჯები, რომლის პასუხებიც 2-3 საათში გაირკვევა,“-განაცხადა თეიმურაზ ჯანელიძემ.
რუსთავის #16 საჯარო სკოლაში შეუძლოდ 15-მდე ბავშვი გახდა. მათ პირღებინება და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოსწავლეებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.