18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
„რუსთავი 2-ის" საქმე, ადამიანის უფლებები - AMNESTY INTERNATIONAL-ის კრიტიკული დასკვნა

გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ AMNESTY INTERNATIONAL-მა საქართველოში არსებულ პრობლემებზე დასკვნა გამოაქვეყნა. AMNESTY INTERNATIONAL საკუთარ დასკვნაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მდგომარეობასა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს რამდენიმე თავს უთმობს. „რუსთავი 2-ის" საქმე მსჯელობის მთავარი ობიექტია.

AMNESTY INTERNATIONAL-ის შეფასებით, "რუსთავი 2-ის" საქმე ქართული მართლმსაჯულებისთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ გადამწყვეტი ტესტი აღმოჩნდა.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის განცხადებით, AMNESTY INTERNATIONAL-ის დასკვნა ევროპის და შეერთებული შტატების ყველა სხვა ანგარიშშიც მოხვდება, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად აისახება;

საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტში სხვა გახმაურებული საქმეებიც მოხვდა. დოკუმენტის პრეზენტაციას პირადად დაესწრო მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომლის საქმესაც მოხსენების ერთი თავი ეთმობა.

ანგარიშის ავტორები აფგან მუხთარლის საქმეზეც საუბრობენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებისა და ხელისუფლების სავარაუდო ჩართულობის შესახებ კითხვის ნიშნები საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ისევ პასუხგაუცემელია.

ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ჩამონათვალშია ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ საქმე და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა.

ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მომზადებულ ანგარიშში ასევე კრიტიკულადაა შეფასებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ლგბტ თემის უფლებები და შრომითი უსაფრთხოება. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

  

დღის ამბები