სოუფანის ცენტრისა და გლობალური სტრატეგიის ქსელის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშს, რომელიც ISIS-ის დამარცხების შემდეგ, უცხოელი მებრძოლების თავიანთ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში დაბრუნებას ეხებოდა, ვაშინგტონში ანალიტიკოსები გამოეხმაურნენ.
ამერიკელი და რუსი ექსპერტების მოსაზრების მიხედვით, სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, მებრძოლების საქართველოში დაბრუნებას რუსეთი მორიგი პროვოკაციისთვის გამოიყენებს.
ანგარიშის მიხედვით, 200 მებრძოლიდან საქართველოში 50 უკვე დაბრუნდა, 50 კი ადგილზე რჩება.
„საქართველო სტაბილური, წარმატებული ქვეყანაა, კარგი ადგილობრივი მმართველობით და ჰყავს ძლიერი რელიგიური და ეთნიკური საზოგადოებები. ამას პრობლემად არ მივიჩნევ. 50 კაცი მცირე რაოდენობაა და მათი მონიტორინგი შესაძლებელია ადმინისტრაციის მიერ. წარსულში რუსეთის მთავრობა ირწმუნებოდა, რომ პანკისის ხეობაში და სხვაგან ტერორისტები იყვნენ. რეალური საფრთხე არ იყო, თუმცა, მოსკოვი საქართველოდან ტერორიზმის საფრთხეს არსებობას საბაბად იყენებდა, რომ საზღვრებზე კონტროლი გაემკაცრებინა და საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის შეზღუდვების დაეწესებინა,“ - განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, რიჩარდ უეითზმა.
ანალიტიკოსი ანდრეი პიანტკოვსკი კი ამბობს, რომ საქართველოში სირიიდან საერთოდ რომ არ დაბრუნდეს არცერთი მებრძოლი, ეს მაინც ვერ შეაჩერებს რუსეთს, საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს და პროვოკაციები მოაწყოს.
„რუსებს საქართველოც სძულთ და ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ. მე არ ვიცი, ვინ დაბრუნდება. შესაძლოა, იყვნენ ერთეულები, მაგრამ რას მოიმოქმედებს საკუთარი მოქალაქეებთან მიმართებაში, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ცხადია, რომ დამნაშავეები უნდა დააპატიმრონ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი ტერორისტების თავმოყრა საქართველოში არ იქნება,“ - ამბობს ანდრეი პიანტკოვსკი.