18 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
საბჭომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს დეტალების საჯაროობა - არასამთავრობოები მოსამართლე შავაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ, სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურებიან.

საქმე ეხება მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებას, სადაც ის დავით მამისეიშვილს სასამართლო გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს.

სამოქალაქო სექტორი იუსტიციის საბჭოს წევრებს დაპირისპირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ იუსტიციის საბჭოს დღევანდელი სხდომა საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს, რადგან მნიშვნელოვანია სხდომის დასრულების შემდეგ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ იყოს.

„საბჭომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს დეტალების საჯაროობა, ვინაიდან ეს საკითხი დიდი ხანია გასცდა უკვე ვიწრო დაპირისპირებას. ამას ემატება ისიც, რომ იუსტიციის საბჭომ უარი თქვა ბატონი ირაკლი შავაძის უვადოდ მოსამართლედ გამწესებაზე. ყველაზე საინტერესოა თავად იუსტიციის საბჭოს პოზიციონირება, როგორი იქნება და რამდენად სამართლიანი იქნება იუსტიციის საბჭო თავის დამოკიდებულებაში როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიმართ,“-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

სამოქალაქო სექტორი არსებული მდგომარეობის სამართლებრივი კუთხით შესწავლისკენ მოუწოდებს პროკურატურას.

იუსტიციის საბჭო დღეს მორიგი ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. საბჭოს წევრებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელსა და მის მოწინააღმდეგე მოსამართლეს უნდა მოუსმინონ.

ირაკლი შავაძესთან ერთად სხდომაზე მისასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს დავით მამისეიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები