პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რომ უკანასკნელი ნაბიჯები, პროცესის წარმატებით დასრულების იმედს იძლევა. კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობის რეაქცია მომხდარზე სამართლიანია.
"ჩვენს ქვეყანას თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე განსაცდელი გადაუტანია. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ტრაგედიის წინაშე დავდექით - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ოჯახთან ერთად, ღირსეულად დავიტიროთ არჩილ ტატუნაშვილი, მასთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი კი, ამ დრომდე ოჯახებთან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა სრულიად სამართლიანადაა შეძრული მომხდარი უბედურებით. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში. ყველა ჩვენი მეგობარი, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე გვიდგას ამ პროცესში. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის როლი.
ახლა დგება დრო, როცა, მიუხედავად სამართლიანი ემოციებისა, უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული, ბედით თუ უბედობით, კონკრეტული ადამიანების სიმამაცითა თუ კიდევ სხვათა საბედისწერო შეცდომებით, გამყიდველობით თუ კიდევ უამრავი სხვა მიზეზით.
ახლა არის დრო, როცა უნდა გავმაგრდეთ, მამაცი ვაჟკაცი სათანადოდ გამოვიგლოვოთ და მიწას მივაბაროთ. ამის შემდეგ, ისევ მოვიკრიბოთ ძალა და შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აგურ-აგურ მშენებლობის პროცესი და, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ოსებისა და აფხაზების შემორიგების პროცესი - კიდევ უფრო მეტი შემართებით და გულმოდგინებით.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის თუნდაც ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.
ასევე, მწამს, რომ ყველა მხარეს, არსებობს რაციონალური ძალა, რომელსაც ჯერა მშვიდობისა და თანამშრომლობის.
ჩვენ წინ გვაქვს გასავლელი ურთულესი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ; მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ კიდევ ერთხელ, ჩვენს, თუნდაც სამართლიან ემოციებს და აგრესიას მივცემთ საშუალებას, საბოლოოდ ან დიდი ხნით გადავავადოთ ერის გამთლიანების პროცესი.
მე დარწმუნებული ვარ, გვეყოფა სიბრძნე და იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია მომავალი თაობების წინაშე, გავაგრძელებთ მომავლის შენებას.
უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს."