ისნის მეტროს მიმდებარედ არსებულს საწყობში გაჩენილი ხანძრის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.
ამ დროისთვის ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო სამსახურის ბრიგადები. მიმდინარეობს დარჩენილი კერების ქრობა, რის შემდეგაც ადგილზე უკვე ექსპერტები შევლენ.
ადგილზე იმყოფებოდა ისნის რაიონის გამგებელი. მისი ინფორმაციით საწყობი კომპანია „ჯეო პროდაქშენს“ ეკუთვნის. კახა ლაბუჩიძის განაცხადებით ხანძრის შედეგად კომპანიას საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა.
"ამ კომპანიას ჯეო პროდაქშენს აქ ჰქონდა რამდენიმე საწყობი. სამწუხაროდ იქ, სადაც ძვირადღირებული დანადგარები ჰქონდათ და საღებავების საწყობი, აი ის დაიწვა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და საშიშროება, რომ გავრცელდეს კიდევ ან გადავიდეს სადმე არ არის. საბედნიეროდ ამ საწყობებთან არ გვაქვს საცხოვრებელი სახლი და ასევე საბედნიეროდ არც სხვა კომპანიის საწყობებს გადადებია. ზარალი, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული ზარალია. რასაც იქ უყურებთ არის სრული ზარალი. მიზეზი არავინ არ იცის ჯერ,“-განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.