18 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
"ას წელზე მეტია, ეს საავადმყოფო არსებობს და რემონტი არ გაკეთებულა" - ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი

ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი სახალხო დამცველის მწვავე კრიტიკას, დაწესებულებაში გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით, ადასტურებს.

მისი თქმით, შენობა 100 წლის წინ არის აშენებული და ის ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, მისი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა არ გამოყო.

„მოსაგვარებელია ინფრასტრუქტურა. თითქმის 100 წელზე მეტია, ეს საავადმყოფო რომ არსებობს. სერიოზული, კაპიტალური რემონტი არასდროს არ გაკეთებულა. რაც ნახეთ თქვენ, ესეც ჩვენი ძალებით არის გაკეთებული," - ამბობს ვახტანგ ამირანაშვილი.  

ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, თუმცა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახსრების მოძიება იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს.

სახალხო დამცველმა სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში არ არსებობს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები და პაციენტები იმყოფებიან უმძიმეს პირობებში. ნინო ლომჯარია ხაზს უსვამს პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობასა თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს.   

ამავე თემაზე
დღის ამბები