პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის მოზარდის საქმეში მთავარი მტკიცებულება განადგურებულია - ხელყუმბარა, რომელიც თითქოსდა, თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ეჭირა, აფეთქებულია.
მთავარმა პროკურატურამ ოჯახს უთხრა, რომ ხელყუმბარა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული, საგამოძიებო მოქმედებების დროს იმის დასადგენად ააფეთქეს, რომ გაეგოთ, იყო თუ არა ის საბრძოლო.
ოჯახმა დღეს გამოძიებას სრული უნდობლობა გამოუცხადა. მაჩალიკაშილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ დაცვის მხარე ფაქტის წინაშე დააყენა და მთავარი მტკიცებულების განადგურებით ყველა კვალი წაშალა.
ადვოკატი „კურიერს“ უწყვება, რომ ხელყუმბარასთან ერთად საქმიდან გამქრალია იმ ტყვიის მასრაც, რომელმაც 19 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა.
მთავარი პროკურატურა ოჯახისა და ადვოკატის განცხადებაზე ამბობს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო უწყების განცხადებით, დაცვის მხარემ ხელყუმბარის ექსპერტიზაში ჩართვის მოთხოვნით დაგვიანებით მოსთხოვა, უკვე მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იყო.
კიდევ ერთი ექსპერტიზის შედეგი, ოღონდ უკვე ცხედრის, სამხარაულის ეროვნულმა ექსპერტიზის ბიურომ დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს გააცნო. სპეციალისტის განმარტებით, იმის გამო, რომ 19 წლის ახალგაზრდას ცეცხლსასროლი ჭრილობის გამო ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, ცხედრის ექსპერტიზა განსაკუთრებულ ხელჩასაჭიდ ფაქტებს არ იძლევა.
მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაიჭრა და ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს აჰმედ ჩატაევის ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ დამხმარედ და მოკავშირედ ასახელებს.