ქართველების ოჯახი აზერბაიჯანის კახის რაიონიდან, საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს. ბესო კუზიბაბაშვილი ყვება, რომ ის აზერბაიჯანელმა პოლიციელებმა ერთი კვირის წინ სასტიკად სცემეს და აწამეს. როგორც თავად ამბობს, ინტერვიუს ჩაწერის დროსაც პოლიციის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.
ფოტოსურათებზე, რომელიც მან „კურიერს“ გადაუგზავნა, კარგად ჩანს, რომ კახის მაცხოვრებელს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აქვს. ბესო კუზიბაბაშვილმა უკვე სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ აზერბაიჯანელმა პოლიციელებმა ის ეთნიკური და რელიგიური ნიშნით გამოარჩიეს და ამის გამო სცემეს.
ბესო კუზიბაბაშვილი ამტკიცებს, რომ განყოფილებაში კახის რაიონული პოლიციის თანამშრომლებს რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ და მასთან არც ექიმი შეუშვიათ. ოჯახის არაერთი თხოვნის შემდეგ ხელწერილით გამოუშვეს, თუმცა ექსპერტიზის ჩატარების საშუალება მისი ოჯახის განცხადებით არ მისცეს. მისი ძმა შენგელი კუზიბაბაშვილი იმის გამო რომ აზერბაიჯანში სამართალს ვერ მიაგნო დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას და სახალხო დამცველს მიმართავს.
შენგელი კუზიბაბაშვილი არ გამორიცხავს რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ის შესაძლოა აზერბაიჯანში არ შეუშვან ან დააკავონ რადგან კახის პოლიციას არ სურს 8 მარტს მომხდარი დანაშაული გაჟღერდეს. „კურიერი“ დღეს კახის პოლიციასაც დაუკავშირდა. მორიგე პოლიციელის თქმით, კუზიბაბაშვილის ცემის ფაქტი არ მომხდარა.