საპატრიარქო ხელისუფლებისგან ქრთამის სახით 25 მილიონს იღებს-ამის შესახებ განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებმა გააკეთეს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ეკლესიის დაფინანსება, ამასთან საჯარო უნდა გახდეს ის ფინანსები, რომელიც ეკლესიის შიგნით ტრიალებს. პრესკონფერენცია "რესპუბლიკურ პარტიაში" საპატრიარქოს გუშინდელი განცხადების საპასუხოდ გაიმართა.
„საპატრიარქო იქცა ხელისუფლების ნაწილად, შეეზარდა ხელისუფლებას და ქრთამის სახით, სწორედ ასე ვასახელებთ ჩვენ, 25 მილიონი რომელსაც საპატრიარქო იღებს ბიუჯეტიდან ყველანაირი დასაბუთების გარეშე და შეუძლებელია დღეს ეს პროცესი იყოს გამჭირვალე ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროცესი უნდა შეწყდეს. ესეთი დაფინანსება და ვისაუბროთ კომპესაციაზე და დაითვალოს ის ზარალი, რომელიც უნდა ანაზღაურდეს ხელისუფლების მხრიდან. ასევე ის მწირი ბიუჯეტი, რომელიც აქვთ თვითმმართველობებს აქედანაც საკმაო თანხებს იღებს საპატრიარქო სამწუხაროდ. სამშენებლო მასალები, სხვადასხვა ტიპის დახმარებები... ხელგაწვდილია ფაქტიურად საპატრიარქო ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლება სწორედ ამას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის,“-განაცხადა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
"რესპუბლიკური პარტიაში" ამბობენ იმასაც, რომ საპატრიარქომ გაიმეტა ადამიანი ციანიდის საქმეში და ეს მიუღებელია.
„ჩვენთვის, რესპუბლიკელებისთვის არ არსებობს ავტორიტეტები, არც პატრიარქის არც მეფის, არც პრეზიდენტის, არც პრემიერის სახით. ჩვენთვის ავტორიტეტი ყოველთვის იყო , არის და იქნება ადამიანი. ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებასთან შეზრდილმა საპატრიარქომ გაიმეტა ადამიანი ციანიდის საქმეში და არ შეიძლება ჩვენთვის ეს იყოს მისაღები. გაიმეტა იმიტომ რომ საპატრიარქო ცდილობს ხელისუფლებასთან ერთად არ გაახმაუროს ის პრობლემები, რომელიც გამოავლინა ციანიდის საქმემ,“-განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ ჩიქოვანმა.