18 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ქართველ სამართალდამცველებთან ერთად გუდაურში საბაგირო გზის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზებს უცხოელი ექსპერტებიც დაადგენენ

გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევა - ქართველ სამართალდამცველებთან ერთად საბაგირო გზის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზებს, უცხოელი ექსპერტებიც დაადგენენ.

საძელეს საბაგირო გზა და მისი ორივე სადგური ამ დროისთვის დალუქულია. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მტკიცებით, გეგმიური ტექნიკური შემოწმება საძელეს სადგურს 2017 წელის დეკემბერში ჩაუტარდა.

საბაგირო გზა, რომელიც დღეს მწყობრიდან გამოვიდა, გერმანული კომპანია „დოპელმაიერის“ დამონტაჟებულია. თბილისში უკვე ჩამოვიდნენ გერმანული კომპანიის წარმომადგენლები.

საბაგირო გზას მთის კურორტების განვითარების კომპანია მართავს და მის უშუალო მოვალეობას უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა წარმოადგენს.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გუდაურში დღეს დენის მიწოდება არ შეწყვეტილა.

საბაგირო გზას, რომელიც დღეს მწყობრიდან გამოვიდა, პრობლემები ხუთი დღის წინაც ჰქონდა, მაშინ სარემონტო სამუშაოები გამო სადგური გათიშეს. მთის კურორტების სააგენტო 11 მარტის გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ ელექტროსისტემა მწყობრიდან იყო გამოსული და პრობლემა მალევე მოგვარდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, დენის სათადარიგო კაბელი, რომელიც საბაგირო გზის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოს, მწყობრიდან ორი წლის წინ გამოვიდა და საძელეს მუშაობა მხოლოდ ელექტროენერგიის ერთადერთ წყაროზე იყო დამოკიდებული.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

დღის ამბები