სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით, დისკრიმინაციის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევათა შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალთა მოძრაობამ საჯარო განცხადება გაავრცელა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკითხის მნიშვნელობას, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო შემთხვევა და მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს მიმართონ სახალხო დამცველის ოფისებს ანდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 1481.